ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა - "ლელო" პროკურატურას მიმართავს

17 იანვარი 2024, 14:19 681 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიებთან არაერთხელ შეწყვეტილი ხელშეკრულების საქმის შესწავლის მოთხოვნით, პარტია "ლელო საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის წევრები პროკურატურას მიმართავენ.

როგორც პარტიაში განაცხადეს, კომპანია "სინოჰიდროს", რომელსაც 110 მილიონ ლარად გზის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულება გუშინ შეუწყდა.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო თებიძე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების  კორუფციულ გარიგებებში ჩართულობაზე საუბრობს. იგი პროკურატურას როგორც შერჩეული კომპანიების, ასევე სამუშაოების შემსრულებელი  ქვეკონტრაქტორების საქმიანობის შესწავლასაც სთხოვს.

საქართველოს გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს. უწყებაში განმარტეს, რომ კომპანიას ხელშეკრულება ვადაგადაცილების გამო შეუწყდა, რის გამოც მასთან სამართლებრივი დავა დაიწყება.

მათივე თქმით, კომპანია "სინოჰიდროსთან" დავის დეტალების გასაჯაროებამ შესაძლოა სამართლებრივ დავას ხელი შეუშალოს, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.   

დავის პარალელურად კი გზის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუმცა ახალი ტენდერის პირობები და თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

 

 

 

ფოტო: არქივი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი