ხმაური იყო ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვაზე. გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, გარემოს ეროვნული სააგენტო ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს ესაუბროს დაგეგმილი საქმიანობის პროექტის შესახებ. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ არ არის გათვლილი რისკები იმ სამუშაოების, რომელიც ამბასადორის მიერ უნდა განხორციელდეს, ამასთან მოქალაქეთა ნაწილს მიაჩნია, რომ პროექტი შეცვლის ქალაქის იერს და გენგეგმაში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული პროექტი, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, მათი თქმით. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროექტი ქალაქისთვის საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მოქალაქეები მიზანმიმართულად უშლიან პროექტს ხელს. ამბასადორის იურისტის განმარტებით, პროექტზე საერთაშორისო საექსპერტო კომპანიებმა იმუშავეს და ყველა რისკი გათვალისწინებულია. საზოგადოება “ბათომის” წევრებს აინტერესებთ, რატომ არ არის საჯარო განხილვა მასშტაბური და რატომ არ უზრუნველყვეს ორგანიზატორებმა მოქალაქეების, სპეციალისტების და დაინტერესებული პირების მეტად ჩართულობა.