იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტოკიოს ჰანედის აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ცენტრალურ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ზონებში დახმარების მიწოდებაზე. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელიც საახალწლოდ იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულზე მოხდა, სახლები მიწასთან გაასწორა და შორეული რაიონები მოწყვიტა გარესამყაროს.
უსახლკაროდ დარჩენილებს ღია ცის ქვეშ ნულოვანი ტემპერატურისა და ძლიერი წვიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. განახლებული მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არსებობს მეწყრების განვითარების საფრთხე, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს ნანგრევებში ჩარჩენილთა გამოყვანის მცდელობები.