ბათუმში ბოლო წლებში 7 ახალი სკოლა აშენდა, 2003-2012 წლებში არც ერთი სკოლა არ აშენებულა - თორნიკე რიჟვაძე

27 დეკემბერი 2023, 13:42 624 ნახვა

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება.

„132 მლნ ლარს შეადგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. შესაბამისად, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა. 7 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 2003-2012 წლებში არც ერთი სკოლა არ აშენებულა ბათუმში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რაც იქნება ასახული როგორც სამინისტროს შესაბამის ამოცანებში, ასევე ბიუჯეტის დაგეგმარების დროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურის მუშაკთა და სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაზე.

,,იზრდება დაფინანსება კულტურის სფეროს მუშაკთა წახალისების, მათი მხარდაჭერის კუთხით. გაიზარდა დაფინანსება სპორტის და განათლების მიმართულებით, ასევე, სპორტული ფედერაციების კუთხით. შედეგებიც მეტყველებს, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ სპორტსმენებს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები.

"საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ. ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით იზრდება სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რისთვისაც 36 მლნ. ლარის პროექტები განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი