უკრაინის თავდაცვის ძალებში უარყოფენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას, რუსების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას აღების შესახებ.
„ბრძოლა მარინკასთვის გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუპუნმა.
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.
„რუსეთში ფლოტი მცირდება. ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ კვალს დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება“, – აღნიშნავს ოლეშჩუკი.
როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, ნოვოჩერკასკის სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.