ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას კიდევ უფრო აძლიერებს. „ცაჰალის“ ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, ქალაქ ბეიტ ჰანუნში დაჯგუფების მთელი შენაერთი გაანადგურეს, მათი სამეთაურო პუნქტი და სხვა ინფრასტრუქტურა კი დაიკავეს.
ამასთან, ისრაელი ღაზაში ოპერაციის მომდევნო ფაზას აანონსებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
პარალელურად, ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან დაჯგუფების ობიექტებზე ავიაგამანადგურებლებით მიიტანა იერიში, რასაც თეთრი სახლის შეშფოთება მოჰყვა.
თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ფრონტებზე გავრცელება და მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას „ჰეზბოლასგან“ ჩრდილოეთის საზღვარზე.