მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების - პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2023, 16:51 464 ნახვა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა ნატო-ს წევრობისთვის და საჭიროა ალიანსის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და ალბათ იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში. ჩვენი სურვილია, რომ ნატო-ს მხრიდან გვქონდეს მკაფიო მიდგომები საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია, იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია, ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა უმაღლეს დონეზეა.

 

ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, შესაბამის სტანდარტზეა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია, ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა, ნატო-სთან ისაუბრონ ფორმატებზე, ჩანაწერებზე და ა.შ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, წარმოვადგენდი საპარლამენტო განზომილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა,  თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, ნატო-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი