პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს - გიორგი ამილახვარი

28 ნოემბერი 2023, 16:47 389 ნახვა

2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

"2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა. 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები როგორც სასკოლო, ასევე პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.

"ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკვე დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. 2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ პროექტის, განხორციელების შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2023 წლისთვის დასრულდა ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და სამი ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია კი ჩაუტარდა ორ პროფესიულ კოლეჯს.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 2022- 2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36 მილიონ ლარზე მეტი.

განათლების მინისტრის განცხადებით, 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს, 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში