საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი მასშტაბური სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს - ილია დარჩიაშვილი

27 ნოემბერი 2023, 16:21 495 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

მისივე თქმით, დოკუმენტი მასშტაბურია, რომელიც განსახორციელებელი რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს.

"დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე. დოკუმენტი მასშტაბური, სიღრმისეულია, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით წყება რეფორმების განხორციელების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ ამ კანონმდებლობის და რეფორმის უკან დგას კომპლექსური პროცესები, ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ დინამიკას შევინარჩუნებთ “, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის კომისია არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი და დღევანდელ სხდომაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში.

„ჩვენ ამ დღის წესრიგის შესაბამისად  გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დოკუმენტში მითითებულია პერიოდები, რომლის დროსაც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის, რომ ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობა, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმებთან მიმართებაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ამ პლატფორმებში მუშაობის შესაბამისად გაგრძელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით. დღემდე გვაქვს ამის მზაობა. დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს. ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი პროცესი, რადგან ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მიიღეს.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი