სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია - ოთარ შამუგია

20 ნოემბერი 2023, 16:33 729 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ლიცენზიის გაცემისას გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პროცედურა დაიცვა.

"გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“. პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც საკითხს არეგულირებს ქვეყანაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვა ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად; აბსოლუტურად საჯაროდ გამოცხადდა აუქციონი და შესაბამისად გაიცა ლიცენზია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განმარტებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა და არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის.

"მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე, ტყე ნამდვილად არ გაყიდულა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„ყველა შესაბამის უწყებას გაგზავნილი აქვს შესაბამისი წერილები და გამოთხოვილია ინფორმაციები. არსებობს ყველა წინა პირობა იმისა, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად. სააგენტოს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრულად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აპროტესტებს სამინისტროსთან საკითხს და ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას. ეს პროტესტი დაიწყო დაახლოებით თვენახევრის წინ და ამ საკითხზე მაისიდან დავიწყეთ საუბარი, რომ ვალდებულებები არ სრულდებოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებაზე საუბრისას, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კომპანიას, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მიეცა უფლებამოსილება, ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის დროს არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განეხორციელებინა, მოეწყო შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.

მინისტრის თქმით, დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, ამავდროულად, დაიცავს ბუნებას.

"ჩვენ წელს, მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ და მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და ჩემი მხრიდან. ამ პროცესებთან მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას დაცული ტერიტორიები. უშუალოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი