თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება პატიმარი სააკაშვილი.
სააკაშვილის განცხადებით, ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს და „ეს კბენები“ უნდა დასრულდეს.
„მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები, თუ საქართველოს ინტერესს დაიცავს. მაგრამ მინდა, გითხრათ, პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა. გარეთ – კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დღეს ყველა ქართველის ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. აუცილებლად მოხდება აქ დიდი ცვლილება.
მინდა, გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს. ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ყველა ადამიანის მიმართ ვარ უკიდურესად კეთილგანწყობილი, გთვლით მეგობრებად, თანამებრძოლებად, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.
საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ცუდ ბანაკში ვართ. პოლიტიკურად იმ ბანაკში ვართ აღმოჩენილი, სადაც არის „ჰამასი“, რუსეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ევროპა მაინც ძალით წაგვათრევს ევროპაში, უკრაინელები ძალით წაგვიყვანენ ევროპაში. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა, ბოროტი და სიკეთე ნათელი გახდა. ასეთი ნათელი ეს არასოდეს ყოფილა.
დღეს თქვენ ასამართლებთ ამ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს. მე, როგორც არასდროს, ვარ ბრძოლისუნარიანი. ვარ მზად, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თქვენთან ერთად, ქვეყნის ამ უბედურებიდან გამოყვანის და დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, 7 ნოემბრის დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.