ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრესი მიღწეულია ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან კოორდინირებული დარტყმებით. მოკლულია „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაური.
საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობებს აქვეყნებს დაჯგუფება „ჰამასი“ და ისრაელის არმიის ტანკების განადგურების ვიდეო კადრებს ავრცელებს.
რაც შეეხება ღაზის სექტორის ჰუმანიტარულ დახმარებას, დღეს სექტორში კიდევ 61 სატვირთო შევიდა. დახმარება მოიცავს საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს. გახსნილია საევაკუაციო დერეფანი ეგვიპტის მიმართულებით. ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხოეთის 400 ზე მეტი მოქალაქე გადავიდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში, დაღუპულთა რაოდენობამ 8 700-ს გადააჭარბა.