აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი შეარჩია. აჭარის საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი თამილა დოლიძესა და გიორგი კოხრეიძეზე გააკეთა.
კანდიდატებს ასარჩევად, უმაღლესი საბჭოს წევრების ერთი მესამედის ხმა სჭირდებოდა. გამარჯვებულმა ორმა კანდიდატმა პლენარულ სხდომაზე, ღია კენჭისყრის შედეგად, 14-14 ხმა მიიღო (ერთი წინააღმდეგი).
პროცედურულად, აჭარის უმაღლესი საბჭო, შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს, კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში, დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
კონკურსში სულ შვიდი კანდიდატი: თამილა დოლიძე, გიორგი კოხრეიძე, თამარ წილოსანი, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ პაქსაძე, მარინა გიორგაძე და ნატა ასათიანი მონაწილეობდნენ.