„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეთა დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები - დავითაშვილი

23 ოქტომბერი 2023, 17:20 544 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად 2000-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი ეწვევა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა დაკავშირებადობა იქნება.

„დაკავშირებადობა – ეს თემა აქტუალურია ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან, როდესაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს მსოფლიოში მეტი ყურადღება ეთმობა, ფორუმის მთავარი თემაც სწორედ დაკავშირებადობაა. ჩვენ ვისაუბრებთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაზე, თუმცა, ფორუმი მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებასაც – ფინანსური სექტორი, სავაჭრო საკითხები, კავშირგაბმულობა, სატრანსპორტო სფერო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და სხვა, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური ნაწილის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ბევრი გლობალური ბიზნეს-ლიდერი ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა, თემატურ პანელურ სესიებზე, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებს განიხილავენ.

„ასეთი დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები. გეოგრაფია ძალიან ფართოა, ეს არ არის მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, ისევ ბევრი სტუმარი გვყავს როგორც სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-დან. საქართველოში ჩამოდის არამხოლოდ სამთავრობო დელაგაციები, არამედ ბევრი კომპანია, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ისინი ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად თბილისში ათობით წამყვან კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი