ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ დაუზავდა

20 ოქტომბერი 2023, 22:43 613 ნახვა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში „დინამო“ ბათუმმა გორის „დილას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი გაფრინდაშვილის გადაცემით მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

მასპინძლებმა ანგარიში 42-ე წუთზე გიორგი ზარიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრეს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ დროისთვის „დინამო“ ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 64 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქურ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო შეხვედრას ანდრეი დემჩენკოს გუნდი 28 ოქტომბერს სტუმრად „სამტრედიასთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში