თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო.
სხდომაზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.
დაცვის მხარის თქმით კი, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. დანაშაულის მიუხედავად, ბიძამ და ბიძაშვილმა პოლიციას არ შეატყობინეს.
პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლულის დედა და კიდევ ერთი ბიძა.
წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 5 დეკემბერს ჩაინიშნა.