საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში - გადაცემა "სპორტი იმედზე", რაგბის კავშირის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გაავრცელა. შემდეგ კი ცნობა რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადებითაც დადასტურდა.
“ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას", - წერია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.
მაისაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2020 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნებმა" ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის ორი ქვეყანა - იტალია და უელსი დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მაისაშვილის თაოსნობით საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 23-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 13 თამაში წააგო.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.