საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადი 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზრდება.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ განმარტა, რამდენიმე თვის წინ დაწესებულმა დროებითმა საიმპორტო გადასახადმა ვითარება სამართლიანად დააბალანსა, თუმცა ბოლო პერიოდში ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რის გამოც მთავრობამ დამატებითი საიმპორტო გადასახადის 50 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
"მოგეხსენებათ, გლობალურად, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების, ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით და ამ მიმართულებით რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებული ანომალიური ვითარება დაბალანსდა სამართლიანად, კერძოდ, ფქვილის იმპორტზე დაწესდა 200-ლარიანი დამატებითი საფასური. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი. ეს ისევ და ისევ განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც არსებობს მსოფლიოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ, ჯამში, 250 ლარი დაწესდეს ფქვილის იმპორტის შემთხვევაში“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, დამატებითი საიმპორტო გადასახადი ასევე დაწესდება ქერსა და ქატოზე, ტონაზე 100 ლარის ოდენობით.
„სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა, სტიქიისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, განაპირობა ის, რომ შედარებით მეტია ხარისხობრივად ისეთი ხორბალი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება საფურაჟე დანიშნულებით. შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება. მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე ასევე დაწესდეს დამატებითი საფასური, 100 ლარი იმპორტის შემთხვევაში. ასევე, ქატოზე, რომელიც, ფაქტობრივად, ხორბლის გადამუშავების შედეგად, იმავენაირად მიღებული პროდუქტია, როგორც ფქვილი და ამ დრომდე მასზე არ ვრცელდებოდა არანაირი განსაკუთრებული რეგულირება. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარი განისაზღვრება დამატებითი საიმპორტო საფასური, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ხორბლის ადგილობრივ მწარმოებლებს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად, რომ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შემდგომშიც შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებები პურის ფასზე არ იმოქმედებს და პური არ გაძვირდება.