ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ – პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს. ამ საკითხზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო და ბოლო პერიოდში პარტნიორების მხრიდან ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა, ერთადერთი შედეგი ჰქონდა, ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ.
ყველას შევახსენებ, რომ მიზეზი, რის გამოს საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, ეს არაერთხელ ავხსენით. სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოებუსთვის რისკებს ქმნის. ამიტომ ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ და ამავე დროს უარს გვეუბნება, რომ მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები, რა თქმა უნდა, ესკალაციისკენ გვიბიძგებს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამაზიანებელია.
„ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია, დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, აშშ-იდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებზე.
ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე ისაუბრებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გზავნილზე, რომ აღარ უნდა განმეორდეს შეცდომა და მნიშვნელოვანია.