იტალიის მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო, რომელიც იანვარში 30 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს. 61 წლის მესინა დენარო დაპატიმრებისას ონკოპაციენტი იყო. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი იმ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თავდაპირველად მკურნალობდა.
მესინა დენარო უამრავ დანაშაულშია მხილებული, მათ შორის 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობების დაგეგმაში. მას პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასევე 1993 წელს რომში, მილანსა და ფლორენციაში აფეთქებებზე, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ასევე 12 წლის ჯუზეპე დი მატეოს გატაცების ორგანიზებაზე, რომლის მამისგან მოითხოვდნენ უარი ეთქვა მაფიის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბავშვი 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ მოკლეს.
იტალიური პრესის მიერ ბოლო ნათლიმამად წოდებულმა მესინა დენარომ 2020 და 2022 წლებში ყალბი სახელით ოპერაცია გაიკეთა მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე. მკურნალი ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა დაპატიმრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.