სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.
"ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.