სტიქიის ზონიდან განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი, მინდა თხოვნით მივმართო მათ, აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება - პრემიერი

11 სექტემბერი 2023, 14:14 551 ნახვა

„სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. მინდა, მოწოდებითა და თხოვნით მივმართო ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელია, მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს“, –  ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვისა და ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ რა გაკეთდა გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მხრივ.

"მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა გაკეთდა დღის მდგომარეობით. ჩემი დავალებით, მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში – 15. დღეის მდგომარეობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა.

 

სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო ჩართული. ჯამში, უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმდა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების ცხრა უბანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს.

„პროცესი გაგრძელდება, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს, ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო. რაც შეეხება გაზს. სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთსა და ლანჩხუთში გათიშული იყო 3 627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში. ამის შემდეგ უკვე კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას.

ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი. ეს მდგომარეობაა. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მაშველებს, ყველა კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყვნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული. ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი