ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია. ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ დაპირისპირებაში დანიილ მედვედევს 6:3,7:6,6:3 მოუგო და დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული 24-ედ გახდა.
შეხვედრა 3 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა ფინალურ შეხვედრაში სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მეორე გეიმშივე შეასრულა ბრეიკი, რამაც პირველი სეტის ბედი გადაწყვიტა.
გაცილებით საინტერესო და დაძაბული იყო მეორე სეტი, სადაც შეცდომა თავის ჩაწოდებაზე არც ერთ ჩოგბურთელს არ დაუშვია და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბმა (7:5) იმარჯვა და სეტებში 2:0 დაწინაურდა. რაც შეეხება მესამე სეტს ჯოკოვიჩმა საკუთარი ჩაწოდება ერთადერთხელ დათმო, თუმცა სანაცვლოდ ნოლემ მეტოქე ორჯერ დააბრეიკა და მატჩი საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ამგვარად ნოვაკ ჯოკოვიჩმა US OPEN-ის მოგებისთვის 3 მილიონი აშშ დოლარი და 2 ათასი სარეიტინგო ქულა მიიღო და ის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის რეიტინგს კვლავ სათავეში ჩაუდგა.