უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქში პრობლემები შეიქმნა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქობულეთში და კოხში სამი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
დაიტბორა გელაურის დასახლება და სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოსახლეობას წყალი სახლების პირველ სართულებზე შეუვიდა. დაზიანებულია ავეჯი და ტექნიკა. მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარე აჭყვა ყოველ წლიურად ტბორავს მათ დასახლებას, თუმცა აქამდე ასეთი მძლავრი სტიქია არ ახსოვთ.
ძლიერმა წვიმამ მდინარე აჭყვა აადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მთლიანად დატბორა. წყალმა მოვაჭრეებს გასაყიდად გამზადებული პროდუქცია და სურსათ-სანოვაგე გაუნადგურა. მათივე განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია.
ამ წუთებში, დატბორილი ბაზრის ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს, პარალელურად იწმინდება სანიაღვრე არხებიც. ადგილზე მობლიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ქობულეთის მერიის ინფრომაციით, შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, სადაც სხვადასხვა სახის შეტყობინებებია შესული.
როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ ყველა ლოკაციაზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ ეტაპისთვის უცნობია ზარალის ოდენობა.