უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
"გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 18 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში და მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე"- განმარტავენ გენშტაბში.
გენშტაბში ადასტურებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ბახმუტის სამხრეთით, მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან აძევებენ.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, უკრაინის ქალაქ კონსტანტინოვკაში სამაშველო ოპერაციის დასრულების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
იგორ კირილენკოს თქმით, ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 32. სარაკეტო დარტყმა გუშინ კონსტანტინოვკის ბაზარზე განხორციელდა.