თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება და 2024 წლის ზაფხულისთვის დასრულდება - ირაკლი ღარიბაშვილი

04 სექტემბერი 2023, 14:42 459 ნახვა

თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხს მთავრობა დღეს განიხილავს, მოიწონებს და დაამტკიცებს.

„თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილას ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი. მშენებლობას, პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს დაახლოებით. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულად განვაახლებთ აეროპორტს. 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება. ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას. ჯამში ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ქუთაისის აეროპორტზეც.

ლევან დავითშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს აქვს.

„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში