“პოლიციელებმა მათ მიერ დაწერილ ჩვენებაზე ძალით მომაწერინეს ხელი და 13 თებერვლის სხდომაზე ჩვენება რომ არ მიმეცა გამიტაცეს” - ეს განცხადება სასამართლო პროცესზე იმ მოწმემ გააკეთა, რომელიც წინა სხდომაზე ვერ გამოიკითხა. გაბრიელ მანთიძის თქმით, მას პოლიციელებმა სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს და იძულებით წაიყვანეს ნარკოლოგიური ტესტის ჩასაბარებლად. მოწმე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ქურდობის საქმეზე დაკითხა. მანთიძის მტკიცებით, საქმესთან დაკავშირებით მას გასული წლის ივნისში ჩვენების მიცემა აიძულეს და პირადად არ იცნობს ბრალდებულ გულადი ჭანტურიას, რომელსაც პროკურატურა ქურდობის საქმეზე ედავება. პროკურორი ალექსანდრე წულუკიძე მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფაქტს ვერ შეაფასებს და საქმეზე შესაბამისი უწყება უკვე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწო. მოწმეზე პოლიციელებისგან სავარაუდო ზეწოლის შემთხვევას სახალხო დამცველის აპარატიც იკვლევს.