საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

03 სექტემბერი 2023, 13:55 827 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ავსტრალიასთან გამართა და 16 ქულიანი სხვაობით 84:100 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დიდი დანაკლისით შეხვდა. ტრავმების გამო მატჩი თორნიკე შენგელიამ, დუდა სანაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი ცინცაძემ გამოტოვეს.

რაც შეეხება ავსტრალიასთან შეხვედრას მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ავსტრალიამ 54:27 მოიგო.დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა მეოთხე პერიოდში ავსტრალიელებმა  ისევ მოუმატეს და საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 20 ქულით და 6 მოხსნით გოგა ბითაძე იყო, 18 ქულით და 9 გადაცემით თად მაკფადენი გამოირჩა, ხოლო გიორგი შერმადინის ანგარიშზე 16 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა.ავსტრალიელთა მხრიდან კი ყველაზე მეტი 19 ქულა პატი მილსმა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 შეხვედრა მოიგო და საუკეთესო 16 ნაკრებს შორის შეძლო გასვლა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი