კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კოორდინაცია მიმართულია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან იმპიჩმენტის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის კოორდინაცია.
„საკონსტიტუციო სასამართლოში შევა წარდგინება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა. დასკვნის დადება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე არის ცხადი და მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება თავად კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კოორდინაცია მიმართულია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული - უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება.
"კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ორგანო, ვინც აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, არის მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალურად განსხვავდება მთავრობის და პრეზიდენტის პოზიციები - მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა და წელსაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრეზიდენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო არც შარშან და არც წელს არ იმსახურებს სტატუსს.
პრაქტიკაში რომ შევხედოთ: წარმოიდგინეთ შარლ მიშელის თანაშემწემ მას დაუდო ფურცელი, სადაც არის მოყვანილი ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ხომ დასვამს კითხვას მიშელი - ეს მართალია რაც მან თქვა პარლამენტის შენობაში, თუ ტყუილი? რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა იმისთვის, რომ მაგალითად რადიკალური ოპოზიცია გაემაგრებინა, მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს და შესაბამისად არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული - უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. აქედან გამომდინარე მთავრობის უარი იყო არა მხლოდ სამართლებრივად გამყარებული, არამედ პოლიტიკურადაც, შესაბამისად ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი და მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრობის ამბიცია.