თბილისში ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები

29 აგვისტო 2023, 23:41 478 ნახვა

თბილისში ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან.

კახა კალაძის თქმით, მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურა ახორციელებს სამუშაოებს, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც. მისივე თქმით, უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემა გლდანში შექმნა. 

"თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა ზოგ რაიონში. ყველაზე დიდი პრობლემაა გლდანში, ასევე, არის ქუჩები, სადაც მოხდა ხეების დაზიანება, დაიტბორა სივრცეები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო, მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ",- აღნიშნა კალაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურში გამოძახებები ძირითადად სარდაფებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის შესახებ არის შესული და მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში