საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს.
ელჩის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე, დიდი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს.
"პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანმა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ისეთი ხელშეკრულება იყოს, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება.
"ვმუშაობთ ადმინისტრაციის ფარგლებში და საქართველოს წარმომადგენლებთან ურთიერთობისას განვაგრძობთ ღირებულებზე ხაზგასმას, თემის წამოწევას. ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბაზრის სრული გახსნა ხდება. ზოგჯერ ეს საქართველოსთვის სასარგებლოა, ზოგჯერ კი მეორე ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ქართულ და ამერიკულ კომპანიებს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია. ამერიკის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს, დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან და წარმატებებიც გვაქვს. ვიმედოვნებ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ამერიკის მხრიდან უფრო დიდ დაინტერესებას ვნახავთ. ვხედავთ ენერგოკომპანიებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ლოგისტიკური კომპანიები შემოდიან, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით. ეს ხელს უწყობს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
დღეს, საქართველოში ამერიკის ელჩმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მისწრაფება არის დასავლეთისკენ და ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.