დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელგიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა და კულტურის მინისტრი, რომელთანაც ჩვენ გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს განსაზღვრული და უკვე მეოთხე შეხვედრაა ბოლო პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველსო საგარეო საქემთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელგიელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთოები.
"ერთი მხრივ, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის, საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იქნება, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მობილიზება ბელგიის სამეფოსი, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის ორმხრივი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ის სექტორები, რომელიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს. ცხადია, ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ის დღეს საოკუპაციო ხაზზსაც ეწვევა. მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ბელგია, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბის შეხვდა, რომელიც საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე.