გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა ერთის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი რჩეულებში საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებპორტალმა, „ჰუსკორდ“-მა (Whoscored) დაასახელა.
„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი „მარსელთან“ შეხვედრაში ფრანგულმა მედიამ და საერთაშორისო ვებპორტალებმა გამოარჩიეს, რადგან სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა, ქართველმა მეტოქეს მაშინ გაუტანა, როდესაც მისი გუნდი ათი კაცით თამაშობდა.
ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა 22 წლის ქართველი თავდამსხმელის გრაფაში 7,9 ქულა დაწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. ეს თავდამსხმელებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.
მიქაუტაძე ოთხი-ოთხი-ორის სათამაშო სქემით შედგენილ საფრანგეთის ლიგა ერთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კარიერაში პირველად მოხვდა.