კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილს ტროპიკული შტორმი „ჰილარი“ დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია დასახლებული რაიონები.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. მოსალოდნელი წყალდიდობის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა 11 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
დახურულია სან-დიეგოსა და ორანჯის სანაპიროები, ასევე, ეროვნული პარკები და ნაკრძალები.
თეთრმა სახლმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) შტატში პერსონალი და მარაგი განათავსა, აშშ-ის სანაპირო დაცვას კი მზადყოფნაში ჰყავს თვითმფრინავები, რათა საჭიროების შემთხვევაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთონ.
მეტეოროლოგების თქმით, ნევადაში, არიზონაში და მექსიკაშიც გამაფრთხილებელი შეტყობინებები ვრცელდება. მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას კი უსაფრთხო რაიონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.