ამბროლაურის ტერიტორიამდე მდინარეზე ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებას, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, დღეის მონაცემებით 25 ადამიანია გარდაცვლილი, 8 ადამიანზე კი მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
„დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, კერძოდ, ქვედა კიდურზეა საუბარი. ასევე, სტიქიის ეპიცენტრში ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. დილასვე მოგახსენეთ, ვვარაუდობდით, რომ შეიძლება ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, თუმცა სამწუხაროდ, დაკარგულების ავტომობილში პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ამბროლაურის ტერიტორიამდე მდინარეზე ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებას სტრატეგიის შეცვლას. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ამაზე ხვალ მოგახსენოთ“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.