ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
„ბიბისი“ წერს, რომ ხანძრისგან განადგურებულ ქალაქ ლაჰაინაში ჯერ მხოლოდ ტერიტორიის სამი პროცენტია გაწმენდილი, რაც აჩენს შიშებს, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, სწრაფად გაიზარდოს. გამოცემის ინფორმაციით, ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძრამდე გამაფრთხილებელი სირენები არ ჩაირთო. აღნიშნულ ფაქტს გენერალური პროკურატურა იძიებს.
გავრცელებული ცნობით, ზოგიერთმა მცხოვრებელმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, მაგრამ ელექტროენერგიის გათიშვამ, შესაძლოა, შეტყობინების გადაცემა შეზღუდა.