შინდისის გმირების დაღუპვიდან 15 წელი გავიდა, მათ სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავგანწირვის მაგალითები - პრემიერი

11 აგვისტო 2023, 10:42 780 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

„15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს საკუთარ სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.

იცით, რომ ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა, კიდევ ერთხელ, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.

იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, ამ დროს 17 კაცი, ერთ ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ეს არის მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის.

საუბედუროდ, სამწუხაროდ, ამავე დღეს, ეს ჩვენი სირცხვილია, რომ ამ გმირობის დღეს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა ე.წ. მთავარმა სარდალმა. 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო. მას ჰყავდა ჩამოყვანილი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როცა გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით, თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დრეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი