დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ; გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები.
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
"შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე;
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება;
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება;
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები;
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს;
თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს;
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
თავი აარიდეთ სიცხეს; გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში;
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე;
დარჩით/გაჩერდით ჩრდილში - არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში;
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად ;
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა;
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე;
იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა;
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.