ადრეული გაფრთხილების სისტემა ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ვერ იმუშავებდა, რადგან წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს მატება ან კლება არ დაუფიქსირებიათ - მდინარაძე

08 აგვისტო 2023, 13:20 409 ნახვა

ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა, რადგან გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები, რომ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მთავარი ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – წყლის დონის ცვლილება, წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ.

მდინარაძის განცხადებით, ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის, ჰიდროლოგიურ კვლევებთან და კომპონენტებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მოიცავს წყლის მონიტორინგის სისტემას. ასეთი 200-მდე ობიექტია დამონტაჟებული, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში წყლის მონიტორინგის სისტემის 20 ობიექტია დამონტაჟებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ერთიანი გაფრთხილების სისტემას ანალიზის საშუალება უნდა მისცეს და ამან უნდა იმუშაოს.

„იაპონია, ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში, თუ რაიმე შეიძლება, ყველა ტექნიკა აქვთ და შესაბამისად ვიცით, რომ ისინი ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის, ჩვენგან გაცილებით მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყნებში. როცა თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია ამის პროგნოზირება.

წყლის კომპონენტთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა, რადგან გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება. ეს მთავარი კომპონენტია და ამაში გავერკვიე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა თქვენი მხრიდან. აღმოჩნდა, რომ რა სისტემაც არ უნდა ყოფილიყო დაყენებული, ამ კომპონენტში თუ ვერ დაფიქსირდებოდა რაიმე ცვლილება, ანალიზი შეუძლებელი იყო. შესაბამისად, რაიმე საფრთხის აცილება, ევაკუაცია ან რასაც თქვენ საუბრობთ და ატყუებთ საზოგადოებას, იყო შეუძლებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში