ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია და თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიაც პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი გახდა.
დავითაშვილმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლური ვართ და რაღაცების პრევენცია, თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის დროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, დამონტაჟდა 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ასევე, ქვეყანაში 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია.
"ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც უკავშირდებოდა გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას. ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. არცერთი მონიტორინგის სადგური არ დაგვხვდა. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი. 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირიდეთ წყლის მატებას. საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად.
გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს. ჩვენ შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა. ასევე, საქართველოში შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე. ასეც მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მივიღეთ, ამას არაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთი თემებით სპეკულირება ამორალური და უპასუხისმგებლოა“,- განაცხადა დავითაშვილმა.