შოვში დაღუპული 18 პირიდან ამ ეტაპზე 14 არის იდენტიფიცირებული - ონის მერი

07 აგვისტო 2023, 10:09 722 ნახვა

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.

როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

"18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“, – განაცხადა ხიდეშელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

„დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა"- განმარტავენ შსს-ში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი