სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც გადარჩენილებს და დაკარგულების ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ - ჯანდაცვის მინისტრი

04 აგვისტო 2023, 15:58 614 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაშიც და ონშიც, სადაც სტიქიის ეპიცენტრიდან გადარჩენილები გადაჰყავთ, სამედიცინო პუნქტებია გახსნილი, სადაც როგორც ევაკუირებულებს, ისე დაკარგულების ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ.

"ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების კუთხით სხვადასხვა რაიონიდან სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, ექიმები სხვადასხვა მიმართულების და კვალიფიკაციის. არის ადგილზე, ონში არის იქ, ეპიცენტრში. ისინი მუშაობენ როგორც დაკარგულების ოჯახის წევრებთან, ასევე, როცა ხდება ადამიანების გამოყვანა, მერე უკვე სამედიცინო ჩარევების კუთხით. ახლაც დამატებითი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდის ადგილზე. ექიმები ყველანაირად ზრუნავენ დაზარალებულების ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მდგომარეობაზე. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანებიდან არცერთს არ დასჭირვებია ჯერ კლინიკებში გადაყვანა. რამდენიმეს უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით,  სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 210 ადამიანიდან, რამდენიმეს ჰქონდა მინიმალური დაზიანება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

"ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება. 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. აქვე მინდა დავადასტურო, რომ ყველა ეს, 210 ადამიანი, რომელიც ვერტმფრენის მეშვეობით გამოვიდა უსაფრთხო ადგილას, არცერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმეს ჰქონდა მინიმალური დაზიანება, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი