მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე, რაც დატრიალდა გუშინ ღამე და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია არის ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედია, რომელსაც იზიარებს ყოველი ჩვენი მოქალაქე.
„ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რათა ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომ გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, რათა გადარჩენილიყვნენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანები. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება, ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.