სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად, იქ აღარაფერია, არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით, მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა - თემურ მღებრიშვილი

04 აგვისტო 2023, 10:44 415 ნახვა

სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად, იქ აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულ კოტეჯებამდე გზა გაიჭრება და ტექნიკას შეიყვანენ.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოებს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა.

დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში