“ღირსეული ანაზღაურება ექიმებს“, ,,სამშობიარო განყოფილება ხულოს“ - ამ მოთხოვნებით სოლიდარობის თემის ორგანიზებით ხულოში საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.
შეკრებილები მაღალმთიან აჭარაში არსებული კერძო სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო მართვაში გადაცემას მოითხოვენ, ვინაიდან მათი თქმით, კერძო სამედიცინო კორპორაცია მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. პროტესტის მონაწილეები მშვიდობიან აქციას ხვალაც გეგმავენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ სამშობიარო განყოფილების არ არსებობის გამო გასულ კვირას ერთ-ერთი მოქალაქე მგზავრობისას ამშობიარეს. ასეთი შემთხვევები კი ქალებისა და ახალშობილების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს. ანალოგიური პრობლემებია შუახევსა და ქედაშიც.
ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ საკითხზე მუშაობენ.
ჩვენ დავუკავშირდით პარლამენტში აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარს. ანზორ ბოლქვაძის განცხადებით შესაბამისი უწყებები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.