კლუბი „აქტობე" ფრენას ახორციელებდა ევროკავშირის შავ სიაში მყოფი რუსული ავიაკომპანიით, შესაბამისად, ფრენის ნებართვა არ გავეცით - ავიაციის სააგენტო

27 ივლისი 2023, 11:53 698 ნახვა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.

„განვმარტავთ, რომ, თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.

ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი