ეპილეფსიის მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გადამოწმდა ნაშთები, პრეპარატი აფთიაქებში არ იყო, მაგრამ საწყობებში აღმოვაჩინეთ - ჯანდაცვის მინისტრი

21 ივლისი 2023, 15:49 793 ნახვა

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გადამოწმდა ნაშთები, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულის შემდეგ, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოითხოვა მედიკამენტის ქსელში გაშვება. ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.

"მთელი გასული კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა და იგრძნობოდა საკმაოდ ბევრი პრეტენზია, როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ დეფიციტში იყო კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც მიმართულია ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ და მედიკამენტს ვერ ნახულობდნენ ვერც ერთ აფთიაქში. ჩვენ მაშინვე მოვაყოლეთ შესაბამისი რეაგირება. ძალიან კარგია, რაც მიმდინარე წელს დავიწყეთ. როგორც აფთიაქებს, ისე საწყობებს ჩვენ სავალდებულოდ გავახსნევინეთ თავიანთი ნაშთები. რეგულირების სააგენტო უკვე ხედავს, სად რა ნაშთია. შესაბამისად, ჩვენი სისტემის მეშვეობით როცა ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში, მედიკამენტი არ იყო, ხოლო საწყობებში როცა გადამოწმდა, იქ ნაშთები დავინახეთ.

ჩვენი თანამშრომლები როცა ამოწმებდნენ ამ კომპანიებთან ნაშთებს, კომპანიები მიუთითებდნენ, რომ რეალურად, ნაშთი არ იყო, არც იცოდნენ, როდის ექნებოდათ და თითქოს დეფიციტი დაკავშირებული იყო რეფერენტულ ფასთან. საგანგებოდ მოვიწვიე ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროექტში და დეტალურად გავიარეთ ფასთწარმოქმნის მექანიზმი ამ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით. პარალელურად, მეორე ჯგუფი გავუშვი საწყობებში, რათა გადაემოწმებინათ ნაშთები. დაბრუნდნენ შესაბამისი ოქმებით. განზრახ არ ვასახელებ კომპანიებს, რადგან კონკურენციის სააგენტო არის მოკვლევის ეტაპზე.

სამწუხაროდ თანამშრომლებმა საწყობებში, ადგილზე ნახეს ამ მედიკამენტის ათასობით კოლოფი. ეს არის შესაბამისად აღწერილი, გადათვლილი კომპანიების თანამშრომლებთან ერთად და შესაბამისი ოქმებითაა დადასტურებული. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმებიც, თუმცა ჯარიმაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სწრაფად მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ  დეფიციტი რეფერენტული ფასის გასაზრდელად იყო შექმნილი, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც დაგვისახელებია კომპანიები, იყო სხვადასხვა განცხადება. ჩემი აზრით, თავის მართლების რეჟიმში იყვნენ, რაც უსუსური არგუმენტებით არის გამყარებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი