მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, სადღესასწაულო ლოცვა მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. ამ დღესასწაულს მუსლიმები ღმერთთან დაახლოების დღესასწაულს ეძახიან და ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ყურბანს კლავენ.
ყურბან-ბაირამი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მორწმუნეები სამი დღის განმავლობაში, ლოცვის შემდეგ, მზის ჩასვლამდე შინაურ ცხოველს კლავენ. ყურბნის ხორცი სამ ნაწილად იყოფა. ნაწილს ახლობლებსა და ნათესავებს, ნაწილს სოციალურად გაჭირვებულებს, ხოლო ნაწილს ოჯახის წევრებს ურიგებენ.
მუსლიმთა რწმენით ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების, პატიებისა და სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო პერიოდია. დღესასწაულზე მუსლიმები გარდაცვლილთა საფლავებსაც მოინახულებენ.
ყურბან-ბაირამი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს რეგიონის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს. თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე ბათუმის მთავარ მეჩეთში იმყოფებოდნენ.