კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად ადიდებულ წყალში 3 ადამიანი დაიხრჩო, დატბორილია ქალაქის 90%-ზე მეტი - უკრაინული მედია

08 ივნისი 2023, 10:22 625 ნახვა

კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულთა შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მერი იტყობინება, დატბორვის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული.

მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყეს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. 

გენშტაბის ცნობით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები.

გავრცელებული ინფორმაციით,  უკრაინელების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან 1900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რუსების მიერ კონტროლირებადი დასახლებებიდან, სავარაუდოდ, 1500-მდე ადამიანია გაყვანილი.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით, თუკი წყალსაცავში წყლის დონე 12,7 მეტრს ჩამოსცდება, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორების გასაგრილებლად წყლის გადაქაჩვას ვეღარ შეძლებს.

წყლის დონე ამ დროისთვის 14 მეტრს აღწევს. ამჟამად ელექტროსადგურის რეზერვუარების შევსებას ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში