შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

06 ივნისი 2023, 11:32 459 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 4 და 5 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემებში – Post Factum და „მთავარი 9“-ზე დეზინფორმაციული სიუჟეტები გავიდა, რომლებიც ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტ/იმპორტის კონტროლსა და ამ კუთხით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს ეხებოდა.

"აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტს მიაწოდა საკმაოდ ვრცელი და დეტალური განმარტება ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტროლის მექანიზმებზე/პირობებზე და ცალსახად განუმარტა, რომ სიუჟეტში მის მიერ, საგანგებოდ გამოყოფილი/დასახელებული სეს ესნ-ის სასაქონლო კოდები არ წარმოადგენდა ორმაგი დანიშნულების საქონელს.

ამასთან, სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის მიერ, 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 02 ივნისის პერიოდში, გაცემული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების შესახებ სრული ინფორმაცია.

მიუხედავად აღნიშნულისა, 5 ივნისს, „მთავარმა არხმა“, კვლავ გაიმეორა იგივე დეზინფორმაცია და ,,მტკიცებულებად“ მოიყვანა ოპოზიციური პარტიების, „ექსპერტისა” და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხოლოდ ვარაუდებსა და ეჭვებზე დამყარებული განცხადებები.

ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ამ რესპონდენტებიდან, სამწუხაროდ, არცერთს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია საბაჟო კოდების ფორმალობების ზუსტი განსაზღვრისთვის. მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის, სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ საქონელი ორმაგი დანიშნულებისაა თუ არა.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ 2022 წლის 20 თებერვლიდან 2023 წლის 02 ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართულებით არ გაცემულა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების არცერთი ნებართვა.

საქონლის მიმართ, ორმაგი დანიშნულების სანებართვო კონტროლის განხორციელების კუთხით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება საქონლის თავდაპირველი იდენტიფიკაცია, რაც ნიშნავს, სეს ესნ-ის სასაქონლო კოდის და წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრას, ესაჭიროება თუ არა აღნიშნული საქონლის საქართველოში შემოტანას/საქართველოდან გატანას/საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებას/საბროკერო მომსახურების ან ტექნიკური დახმარების გაწევას ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა.

სასაქონლო კოდის გადამოწმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N 292 ბრძანებით დამტკიცებულ ე.წ. „კორელაციის ცხრილში“.

აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება საქონლის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის ნებართვის მიკუთვნების თაობაზე მიიღება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის N 394 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების და მასში მოცემული განმარტებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით.

შესაბამისად, სეს ესნ-ის ერთი და იგივე სასაქონლო კოდში შესაძლოა მოხვდეს, როგორც ორმაგი დანიშნულების, ისე სხვა საქონელი, ხოლო საბოლოო იდენტიფიცირებისთვის და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა საქონელი სანებართვო კონტროლს, საჭიროა ინფორმაციის მოძიება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც შედარდება საკონტროლო ნუსხაში მითითებული კონტროლირებადი პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას საფუძვლიანად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, საერთაშორისო პრაქტიკას და შეწყდეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციის ტირაჟირება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში